სახალხო დამცველის გამოსვლა გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფის მე-11 სესიაზე
2021 წლის 29 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით დაბერების შესახებ გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის მე-11 სესია მიმდინარეობდა. სესიაში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მიიღეს მონაწილეობა.
ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას ცალკე თავი ეთმობა; ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში; საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევით 2018 წელს საქართველოს გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ეწვია, რის შედეგადაც მომზადდა გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში, სადაც ხანდაზმულ პირთა მიერ უფლებებით სარგებლობის დაცვის უზრუნველსაყოფად ხელისუფლების მიმართ კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის მე-11 სესიის ფარგლებში, წარდგენილ იქნა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ ახალი კონვენციის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობაზე, რომლის მომზადებასა და მხარდაჭერის ადვოკატირებაში პოლონეთისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებმა იმუშავეს. განცხადებას ხელს 51 ორგანიზაცია აწერს. საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს კონვენციის ადვოკატირების პროცესს, ვინაიდან, ახალი საერთაშორისო სავალდებულო ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი და ძლიერი მექანიზმია ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციისათვის.
მე-11 სესიის გახსნითი ღონისძიების ფარგლებში სახალხო დამცველმა თავის ვიდეო მიმართვაში მოკლედ ისაუბრა ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და რეალიზაციის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, აღნიშნა, რომ გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ხანდაზმულ პირთა წინაშე არსებული გამოწვევები და ხაზი გაუსვა ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ ახალი კონვენციის შემუშავების და მიღების აუცილებლობას.
31 მარტს ხანდაზმულთა დასაქმების უფლებებზე გამართულ დისკუსიაში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადებით, კონსტიტუციური ჩარჩოს და სხვა რეგულაციებისა და სტანდარტების მიუხედავად, საქართველოში ხანდაზმულთა დასაქმების პოტენციალის განვითარებისა და გამოყენების ხელშესაწყობად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ეფექტური ქმედებები არ განხორციელებულა.
1 აპრილს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ შემაჯამებელ დისკუსიაში წარადგინა განცხადება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის დაბერების შესახებ სამუშაო ჯგუფის სახელით, რომლის წევრიც არის სახალხო დამცველის აპარატი. განცხადებაში სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება იყო გამახვილებული რომ გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ ახალი კონვენციის შემუშავებასა და მიღებაში. დამატებით, თამარ გვარამაძემ აღნიშნა, რომ ახალი კონვენციის შემუშავებისთვის საჭიროა შეიქმნას ქვეჯგუფი, რომელიც გააერთიანებს ექსპერტებს წევრი ქვეყნებიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, და გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს.