სახალხო დამცველი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა
2024 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს კრის ალანს და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდნენ.
მხარეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესი და სახალხო დამცველის მიერ კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით მომზადებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრება განიხილეს. ისაუბრეს სახალხო დამცველის დამოკიდებულებაზე საარჩევნო კანონში გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ობიექტურობასა და ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
სტუმრები ასევე, დაინტერესდნენ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობით, სახალხო დამცველის როლით არჩევნების სამართლიანად და ადამიანის უფლებების დაცვით წარმართვის პროცესში და მედიის თავისუფლებისა და უფლებადაცვითი საქმიანობის უსაფრთხოების ხარისხით.
შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.