სახალხო დამცველი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
2021 წლის 9 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.
სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის საქმიანობა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, ისაუბრა უმცირესობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე და სახალხო დამცველის ძალისხმევაზე ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად; მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, სახალხო დამცველის მიმართ ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები და ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მომძლავრების საფრთხეები.
ხაზი გაუსვეს ბავშვთა დიდი სააღმზრდელო დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას და იმ გასატარებელ ღონისძიებებს, რაც პანსიონებიდან გამოყვანილ არასრულწლოვნებს სრულფასოვან და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის საქართველოს პარლამენტთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის საკითხებზე.
გაერთიანებული სამეფოს ელჩმა პატივისცემა გამოხატა სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მიმართ, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.