სიახლეები

სახალხო დამცველი ევროპის კონფლიქტურ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეფექტური აღსრულების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

2022 წლის 1 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში გამართულ კონფერენციაში - „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეფექტური აღსრულება ევროპის კონფლიქტურ ტერიტორიებზე“. კონფერენცია ირლანდიის ადამიანის უფლებათა ცენტრის, ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

„კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა; და ჩემთვის, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის სახალხო დამცველისთვის, ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ღონისძიებაზე გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, სახალხო დამცველის საქმიანობა მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ევროპული კონვენციის აღსრულების სირთულეებს.

აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს. ასევე, ინტენსიურად ხვდება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, სწავლობს კონფლიქტით დაზარალებულთა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს და უკვე წლებია, რაც მათ უფლებრივი მდგომარეობას საპარლამენტო ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში ასახავს.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას, სადაც საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაა განხილული. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული ამ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადებაში.

კონფერენციაზე ნინო ლომჯარიამ ისაუბრა ბორდერიზაციის პროცესზე და მცოცავ ოკუპაციაზე, რომელიც დღემდე გრძელდება. აღნიშნა, რომ რუსეთის სასაზღვრო ძალების მიერ გავლებული ახალი ღობეები და მავთულხლართები ხშირად ყოფს ადგილობრივი მოსახლეობის მიწებს, რის გამოც მათ ხელი აღარ მიუწვდებათ საოკუპაციო ხაზს იქით დარჩენილ საკუთრებაზე. ბორდერიზაცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასაც იწვევს. დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის სასაზღვრო ძალები დროდადრო ხურავენ ე.წ. გამშვებ პუნქტებს და კრძალავენ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა უფლებით, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობაზე. ამ პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით კოვიდ 19-ის გავრცელების პერიოდში იჩინა თავი.

ბოლო წლებში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისა და გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევებმა იმატა. დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ციხეებში ხშირია დაკავებულთა და პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება.

ორივე ოკუპირებულ რეგიონში შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რაც ქართველ მოსახლეობაზე ზეწოლისა და მათი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის პოლიტიკის გამოვლინებაა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ევროპის საბჭომ, როგორც ნეიტრალურმა და ავტორიტეტულმა აქტორმა, თავისი მანდატის ფარგლებში გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდაჭერის შესაძლებლობა მიეცეთ.

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ მიმდინარე მე-2 საქმეზე.

„ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის უდიდესი სამართლებრივი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს და იმედია, იგი გავლენას მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით; განსაკუთრებით იმ ნაწილზე, რომელიც ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებას ეხება, რაზეც ევროპულმა სასამართლომ რუსეთის პასუხისმგებლობა ცნო“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ირლანდიაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)