სახალხო დამცველი ეუთოს რეგიონის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
2022 წლის 5-6 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ეუთოს რეგიონის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა, სადაც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მდგრადობისა და გაძლიერების საკითხები განიხილეს. ინსტიტუციის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი დაძლევის საკითხებთან დაკავშირებით პირად გამოცდილებაზე სასაუბროდ ღონისძიების ორგანიზატორებმა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიწვიეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა საქართველოში ბოლო წლებში ომბუდსმენის აპარატისადმი გახშირებულ მუქარებზე, თავდასხმებსა და კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ პირადად ის და მთელი მისი აპარატი არაერთხელ ყოფილან დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის ობიექტები მაღალი თანამდებობის პირების თუ ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან.
ნინო ლომჯარიამ შეხვედრის მონაწილეებს ამ გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების და საქმიანობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებით ხაზგასმით კი საერთაშორისო მექანიზმების და ორგანიზაციების მხარდაჭერის შესახებ აღინიშნა.
„მხარდაჭერის კარგი მაგალითი იყო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის სპეციალური ვიზიტი, რომელმაც არაფორმალური მმართველობის შესახებ ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, მონიტორინგი ჩაატარა ციხეებში და დაადასტურა ჩვენი დასკვნები. შედეგად, საშუალება მოგვეცა მთავრობასთან ერთად გვემსჯელა გამოვლენილ პრობლემებზე“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.
დასასრულს ნინო ლომჯარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად თავდასხმებისა და დისკრედიტაციის კამპანიისა, კონსტიტუციით დაკისრებული უმნიშვნელოვანესი საქმის კეთების მოტივაციასა და ძალას სახალხო დამცველს და მის აპარატს მოქალაქეების ნდობა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აძლევს.