საქართველოს სახალხო დამცველმა GANHRI-ს ყოველწლიურ შეხვედრასა და კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2025 წლის 10-12 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილეებმა თამარ გვარამაძემ და ელენე ღუდუშაურმა ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ყოველწლიურ შეხვედრასა და კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე GANHRI-ს რეგიონული ქსელის და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, გაწეული საქმიანობა, ფინანსური და აუდიტის ანგარიშები განიხილეს. ასევე, გაიმართა არჩევნები, რომლის შედეგად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში GANHRI-ს მაროკოს ადამიანის უფლებათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ამინა ბოიაჟი უხელმძღვანელებს, ალიანსის მდივნის პოზიცია ჩრდილოეთ ირლანდიის ადამიანის უფლებათა კომისიის უფროსმა კომისარმა ალისონ კილპატრიკმა დაიკავა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ოფიციალურად შეუდგა ENNHRI-ს (ევროპის) მმართველი საბჭოსა და GANHRI-ს (მსოფლიო) ბიუროს წევრის უფლებამოსილების შესრულებას. ასევე სახალხო დამცველმა და მოადგილეებმა მიიღეს მონაწილეობა GANHRI-ს სპეციალურ სესიებზე, რომლებიც შშმპ უფლებების დაცვისა და NHRI-ების აკრედიტაციასა და მის მნიშვნელობას დაეთმო. GANHRI-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე ასევე დამტკიცდა სახალხო დამცველის 2024 წლის ოქტომბერში გავლილი აკრედიტაციის შედეგები.
კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე პარალელური ღონისძიებაც გაიმართა. მათ შორის, თამარ გვარამაძემ წარმართა სხვადასხვა ქვეყნის მისიებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისათვის GANHRI-ს ხანდაზმულთა უფლებების სამუშაო ჯგუფის მიერ ორგანიზებული ღია შეხვედრა, რომელიც საერთაშორისო კონვენციის შემუშავების პროცესს, მის ადვოკატირებასა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვას ეხებოდა. ასევე მოხსენებით წარსდგა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალურ პროცედურებთან თანამშრომლობის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე. გარდა ამისა, თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო ხანდაზმულთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში და მოდერატორობა გაუწია ერთ-ერთ პანელს.
ჟენევაში ვიზიტის პერიოდში, 10 მარტსსაქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური წამების პრევენციის ასოციაციის (APT) გენერალურ მდივან ნიკოლ ჰოგსს შეხვდა.შეხვედრაზე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში მონიტორინგის დამატებითი მეთოდების დანერგვასთან ერთად, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საპროტესტო აქციების დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული არაპროპორციული ძალის, ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და მიმდინარე გამოძიებებზე სახალხო დამცველის ზედამხედველობის საკითხებზე.
12 მარტს გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე თამარ გვარამაძემ წარადგინა მოხსენება ქალებისა და გოგოების უფლებების დასაცავად ცნობიერების ამაღლებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალების ჩართულობის მნიშვნელობის თაობაზე.