სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ENNHRI-ს მაღალი დონის კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა

2022 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ბულგარეთის დედაქალქ სოფიაში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) მაღალი დონის კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა, სადაც კანონის უზენაესობის თვალსაზრისით რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრეს.

თამარ გვარამაძემ შეხვედრაზე ENNHRI-ის სახელით ყოველწლიურად კანონის უზენაესობის თაობაზე მომზადებული ანგარიშის სტრუქტურა წარადგინა, მასში ასახული თემები მიმოიხილა და ანგარიშის მომზადების სამუშაო პროცესის წარმართვასა და ვადებზე ისაუბრა. ასევე, წარადგინა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაციები ENNHRI-ის კანონის უზენაესობის თაობაზე ანგარიშის სამომავლო პრიორიტეტებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ეუთო/ოდირის, ევროპის კომისიის, ევროსაბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ევროპის რეგიონული ოფისის, ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)