სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური შეხვედრები ევროპის საბჭოში

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში იმყოფება, სადაც 22-24 მაისს შეხვედრებს მართავს ევროპის საბჭოში.

22 მაისს სახალხო დამცველი სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში (ECSR) კომიტეტის პრეზიდენტს აოიფე ნოლანს, სოციალური უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს იან მალინოვსკის, პროგრამის კოორდინატორს მარგარიტა გალსტიანს და ENNHRI-EQUINET-ის ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს პლატფორმის წარმომადგენელს ტანია მონტანარის შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სოციალური ქარტიით დაცული უფლებების, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, ჯანდაცვის, ხანდაზმულთა უფლებების და უსახლკარო პირების მდგომარეობის თაობაზე; მიმოიხილეს ასევე, ალტერნატიული ანგარიშები, რომელსაც სახალხო დამცველი პერიოდულად წარადგენს ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა კომიტეტში, ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით კომიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან, წამების პრევენციის კომიტეტთან (CPT), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტთან, სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტთან (ECSR), ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორატთან (DGI), რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულ კომისიასთან (ECRI) და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)