სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტებში. შეხვედრები გაიმართა ასევე საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI), ორგანიზაციაში - ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED), ფრიდომ ჰაუსსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID).

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, რათა მათი ჩართულობით და დახმარებით მივაღწიოთ სამომავლო გაუმჯობესებას და პროგრესს. შეხვედრების დროს ასევე განიხილებოდა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, წინაშე არსებული გამოწვევები და თავდასხმის შემთხვევები.

საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო საარჩევნო უფლების რეალიზების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ბოლო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევები, სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური და ინდივიდუალური ხარვეზები, თანასწორობის უფლების მიმართულებით არსებული პრობლემები, უკანონო ფარული მიყურადება და საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებული საქმეები, რომლებიც კითხვის ნიშნებს აჩენენ.

საქართველოს სახალხო დამცველის მოწოდება ყველა შესაბამისი აქტორის მიმართ იყო, რომ მათი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დახმარებოდნენ მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს საზოგადოების გამაერთიანებელი და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების განხორციელების აუცილებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაეხმარება ადამიანის უფლებების სტანდარტების უკეთ უზრუნველყოფას საქართველოში. არაერთი მიმართულებით გახდა შესაძლებელი პროგრესის მიღწევა ამერიკელი პარტნიორების დახმარებით და იმედს ვიტოვებთ რომ სამომავლოდაც მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მიმართულებით პროგრესის მიღწევა.

სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებთან - ერიკა ოლსონთან და კარა მაკდონალდთან. ასევე შეხვედრა გაიმართა იუსტიციის დეპარტამენტთან.

საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გაიმართა კონგრესმენ დევიდ პრაისთან, სენატორების - შაჰინის, ბენჟამინ კარდინის, ჯონსონის, მენენდესის და რიშის აპარატის თანამშრომლებთან და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან. ცალკე შეხვედრა გაიმართა ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებთან.

სახალხო დამცველი შეხვდა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელ პირებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი სამომავლო პროექტის საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის აღსანიშნავია ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტთან ნიკოლე როუსველთან გამართული შეხვედრა. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციაში - ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის, რომლის დირექტორ დეიმონ ვილსონთან განხილულ იქნა ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები. დემოკრატიის და მედიის საკითხების გარშემო ვიმსჯელეთ ფრიდომ ჰაუსის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მოადგილესთან - სოფია ორლოსკისთან. საარჩევნო საკითხები იყო მთავარი განსახილველი საკითხი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის დირექტორთან.

საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)