საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეების ვიზიტი ბრიუსელში
2021 წლის 16-19 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ეკატერინე სხილაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებადამცველ ინსტიტუტის როლსა და მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ამ ეტაპისთვის ქვეყნის უმწვავეს საკითხებზე; კერძოდ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე და რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, 5 ივლისის მოვლენებზე და შემდგომ არაეფექტურ გამოძიებაზე, სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, მოსამართლეთა არჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და პლურალიზმის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებზე. დიდი დაინტერესება გამოიწვია ასევე სახალხო დამცველის შეფასებამ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელისა (ENNHRI) და თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) წარმომდგენლებთან; განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და ფარგლები, კონკრეტული აქტივობები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ დააფიქსირეს სახალხო დამცველის მიმართ მხარდაჭერა და მაღალი შეფასებები მიანიჭეს მის საქმიანობას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.