სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ყირგიზეთის პრევენციის ეროვნულ მექანიზმს გამოცდილება გაუზიარეს

2022 წლის 11-13 ივლისს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მრავალწლიანი პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრებზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აპარატის მანდატი, ცალკეული დეპარტამენტების ფუნქციები და კომპეტენციები განიხილეს. ასევე, ყირგიზ კოლეგებს დაკავების, თავისუფლების აღკვეთის ან სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში მონიტორინგის ვიზიტის მომზადების, განხორციელების და რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მეთოდოლოგია გააცნეს.

ყირგიზეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაათვალიერეს იზოლატორში არსებული პირობები და საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონიტორინგის ჩატარების სპეციფიკას დააკვირდნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სტუმრობის პერიოდში ყირგიზი კოლეგები სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვას დაესწრნენ, სადაც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები განიხილებოდა.

სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ ორივე მხარემ მომავალში მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)