საქართველოს სახალხო დამცველი ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განაგრძობს შეხვედრებს ვაშინგტონში. შეხვედრების მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 პუნქტიანი გეგმა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი დაინტერესება ოფიციალურმა პირებმა მართლმსაჯულების, პოლარიზაციისა და მედიის თავისუფლების საკითხებისადმი გამოხატეს.
ვაშინგტონის მთავარ გზავნილად კვლავ რჩება საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერა.
სახალხო დამცველი შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში (DRL) ნიკოლ ჩულიკს და ამავე ბიუროს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს კრის ანდერსენს; იუსტიციის დეპარტამენტში ჯიმ ფელტსა და სტივ როზემბაუმს. ასევე შეხვედრები გაიმართა თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დირექტორ ბრიჯიტ რაიანთან.