სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი თანასწორობის თაობის გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

2021 წლის 1 ივლისს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა თანასწორობის თაობის გლობალური მოძრაობის ფორუმზე „გენდერული თანასწორობის ცენტრალური როლი დემოკრატიული სისტემების გაძლიერებაში“.

მაღალი დონის შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება გენდერული თანასწორობის ჭრილში; ასევე იძლეოდა უნიკალურ შესაძლებლობას უფრო სიღრმისეულად მომხდარიყო კულტურული და გეოგრაფიული კონტექსტების გააზრება და მათი დაკავშირება ქალთა გაძლიერების სტრატეგიებთან.

სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ისაუბრა სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელობაზე და ასევე, ხაზი გაუსვა გენდერულად მგრძნობიარე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის არსებობას, სადაც ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ბრალდების და სასამართლო ორგანოების მხრიდან სათანადო აღიარება, კვალიფიკაცია და დასჯა მოჰყვება.

„მსურს აღვნიშნო, რომ ქალთა მაღალი წარმომადგენლობა სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი მნიშნელოვანი რგოლია გენდერული თანასწორობის მიღწევაში. გარდა ამისა, სასამართლო სისტემაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად აუცილებელია მოსამართლეები არ იყენებდნენ სტერეოტიპულ და სექსისტურ ენას, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა მართლმსაჯულების სისტემიდან გარიყვას და ნდობის მოშლას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის და მექსიკის მთავრობებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას თანასწორობის თაობის გლობალურ ფორუმზე მონაწილეობის შესაძლებლობისთვის და მათ მიერ საქართველოში თანასწორობის ხელშეწყობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)