ომბუდსმენთა ევროპული ქსელი (ENO)
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების თანმდევად, საქართველოს სახალხო დამცველი ომბუდსმენთა ევროპული ქსელის (ENO) წევრი გახდა.
ომბუდსმენთა ევროპული ქსელი (ENO), რომელიც 1996 წელს დაარსდა, ომბუდსმენებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ორგანიზაციების არაფორმალურ ქსელს წარმოადგენს. ENO-ს მიზანია ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესახებ, ასევე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წევრ ინსტიტუტებს შორის. ომბუდსმენთა ევროპული ქსელის კოორდინაციაზე პასუხისმგებელია ევროპის ომბუდსმენი.
ომბუდსმენთა ევროპული ქსელი აერთიანებს 95-ზე მეტ წარმომადგენლობას ევროპის 36 ქვეყანაში, მათ შორის, ეროვნულ და რეგიონალურ ომბუდსმენებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებიდან, ასევე ევროპის ომბუდსმენს და ევროპარლამენტის პეტიციების კომიტეტს.
ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანების უფლებების დასაცავად, ქსელი ხელს უწყობს ომბუდსმენებს შორის თანამშრომლობას საერთო ინტერესების საკითხებზე. პარალელური გამოძიებების საშუალებით, ევროპის ომბუდსმენი და ომბუდსმენთა ევროპული ქსელის წევრები ერთად მუშაობენ იმ საკითხების შესასწავლად, რომლებიც ეხება ევროკავშირის მმართველობას და ეროვნულ თუ რეგიონულ მმართველობებს.
ომბუდსმენთა ევროპული ქსელის წევრებს, ასევე შეუძლიათ გამოიყენონ შეკითხვების დასმის მექანიზმი ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ.