სიახლეები

პეტიცია ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის შემუშავებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს და ცალკეულ მოქალაქეებს - ხელი მოაწერონ პეტიციას (ასევე იხილეთ პეტიციის ქართული ვერსია) რომელიც მოუწოდებს გაეროს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, დაიწყონ ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის შემუშავება. პეტიცია შეიმუშავა ორგანიზაციამ - გლობალური ალიანსი ხანდაზმულთა უფლებებისთვის (Global Alliance for the Rights of Older People), რომელიც აერთიანებს ხანდაზმულ პირთა უფლებებზე მომუშავე 400-ზე მეტ ორგანიზაციას მთელი მსოფლიოდან. პეტიციაზე ხელის მოწერა შეუძლიათ როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებს, ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდება ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს მიერ ხანდაზმულ პირთა უფლებების ეფექტურ იმპლემენტაციას პრაქტიკაში. საქართველოს სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავს უთმობს ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას, ასევე, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან.

გლობალურმა პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა ხანდაზმულ პირთა მიერ თავიანთი უფლებებით სარგებლობისას არსებული დაბრკოლებები, ინსტიტუციური პრობლემები და დაადასტურა საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერების აუცილებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველი, მხარს უჭერს ხანდაზმულ პირთა უფლებების თაობაზე კონვენციის ადვოკატირების პროცესს, რადგან მიაჩნია რომ ახალი საერთაშორისო სავალდებულო ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი და ძლიერი მექანიზმი იქნება ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციისათვის.

იხილეთ Amnesty International-ის ვიდეო „დავიწყებული კონვენცია“ - ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით, ქართული სუბტიტრებით.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)