ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ქართველმა პოლიტიკოსებმა სრულად უნდა სცენ პატივი სახალხო დამცველის დამოუკიდებელ მანდატს
2021 წლის 23 ნოემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ქართველ პოლიტიკოსებს სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი პატივისცემისა და მისი მანდატის განხორციელებისადმი ხელშეწყობისკენ მოუწოდა.
„მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ, მისი და მისი აპარატის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შიმშილობასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო. მივესალმები სახალხო დამცველის და მისი აპარატის ძალისხმევას, უმაღლესი შესაძლო სტანდარტებით დაიცვან საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში შემავალი ყველა ადამიანის უფლება.
აღნიშნული საკითხი ჩემს დღის წესრიგში იყო გუშინ სტრასბურგში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას.
ვენეციის პრინციპების თანახმად, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან სრულად დაიცვან საკუთარი ომბუდსმენის ინსტიტუტები ნებისმიერი საფრთხისა თუ ქმედებისგან, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგად იწვევს ომბუდსმენის ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის დაბრკოლების შექმნას. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, სახალხო დამცველის, მისი აპარატისა და მასთან დაკავშირებული ექსპერტებისათვის იმგვარი კლიმატი შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი მანდატის განხორციელებას დამოუკიდებლად, ეფექტიანად და უსაფრთხოდ, ადამიანის უფლებათა ქმედითი, პლურალისტური და დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების განვითარებისა და გაძლიერების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (2021)1 შესაბამისად.
უპირველეს ყოვლისა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის ევროპის საბჭოსთვის, ძალზე მნიშვნელოვანია, საშუალება ჰქონდეთ დაეყრდნონ იმგვარი ომბუდსმენის ინსტიტუტის გამოცდილებას, რომელსაც შეუძლია სრულფასოვნად, დამოუკიდებლად და წარმატებით შეასრულოს თავისი საქმიანობა, საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების, შესაბამისად.
მოუთმენლად ველი ამ და ადამიანის უფლებათა სხვა საკითხების განხილვას საქართველოში მომავალი წლის თებერვალში ჩემი ვიზიტის დროს,“ - ნათქვამია განცხადებაში.