სიახლეები

უფლებადამცველთა დღე - 2023

9 დეკემბერს უფლებადამცველთა დღე აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს ამ თარიღის მნიშვნელობას და ტრადიციულად უერთდება მის აღნიშვნას.

უფლებადამცველების როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში განსაკუთრებულია, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ არასამთავრობო სექტორის მიმართ გაკეთებული მადისკრედიტირებელი განცხადებები.[1] სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, კვლავ აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირებმა უფლებამოსილების განხორციელების დროს, განუხრელად უნდა დაიცვან უფლებადამცველთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები, თავი შეიკავონ უფლებადამცველთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან და უფრო მეტიც, ხელი შეუწყონ მათ საქმიანობას.

მიმდინარე წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო საქართველოს პარლამენტში ე.წ. „უცხოური აგენტების“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება. სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა[2] აღნიშნულ საკითხს და მიიჩნია, რომ შემოთავაზებული პროექტები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან. კანონპროექტები სამართლებრივი დასკვნით მკვეთრად ნეგატიურად შეაფასა ეუთო/ოდირის ინსტიტუტებმა[3] და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა.

შემაშფოთებელია მშვიდობიანი შეკრების მიმდინარეობისას უფლებადამცველთა დაკავების მზარდი სამწუხარო ტენდენცია.[4] განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს უფლებადამცველთა დაკავებები 2-3 ივნისს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ საქმეებზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა, რომელშიც მიუთითებდა, რომ ხელისუფლების კრიტიკა დაუშვებელია წარმოადგენდეს უფლებაში ჩარევისთვის საკმარის საფუძველს.

2023 წელს კვლავ აქტუალურია ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევები, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მათთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რომელშიც ლგბტ+ თემის ადამიანის უფლებათა დამცველებს ექნებათ დაცულობისა და დაბრკოლებებისგან თავისუფალი მოქმედების საშუალება.

გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც სახალხო დამცველის აპარატი უფლებადამცველთა საქმიანობის მხარდასაჭერად აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. დამატებით, მიმდინარე წელს სახალხო დამცველმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებზე წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. დოკუმენტში მიმოხილულია უფლებადამცველთა წინაშე არსებული ძირითად გამოწვევები და უფლებადამცველთა საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის დოკუმენტების მნიშვნელოვანი ხარვეზები. ასევე, სახალხო დამცველი, როგორც ერთადერთი ევროპული ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, ჩართული იყო დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული კითხვარის შევსების პროცესში, აღნიშნული ინსტრუმენტი აფასებს - რამდენად კარგად ასრულებს ქვეყანა ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე გაეროს დეკლარაციაში არსებულ ვალდებულებებს.

სახალხო დამცველი განაგრძობს უფლებადამცველთა წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლას და შესაბამის მიგნებებს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში ასახავს.


[1] იხ. მაგალითად, https://shorturl.at/uzOX9, https://shorturl.at/aty27, https://shorturl.at/qrzDS [06.12.2023]

[2] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://shorturl.at/oLP35, [06.12.2023]

[3] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://shorturl.at/ewCIK, [06.12.2023]

[4] მაგალითად, 2023 წლის 7-8 მარტს, 2-3 ივნისს, თბილისსა და ბათუმში, 31 ივლისს ბათუმის პორტთან მიმდინარე, აქციებზე უფლებადამცველების დაკავების ფაქტები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)