სიახლეები

წინადადება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მანძილის გაზომვის მეთოდოლოგიის შემუშავების თაობაზე

ერთ-ერთი საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა გამოავლინა საჯარო მმართველობის განხორციელების სისტემური ხარვეზი. კერძოდ, დადგინდა რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისთვის პირებს ისე აკისრებდა, რომ არ ხდებოდა ამ მანძილის გასაზომად სათანადო ხელსაწყოს გამოყენება ან/და სააგენტოს არ გააჩნდა შესაბამისი მეთოდოლოგია.

ამდაგვარი ხარვეზიანი ადმინისტრირების შედეგად პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღებოდა შესაბამისი შესწავლის და გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

უწყებამ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სააგენტო უზრუნველყოფს პრაქტიკაში ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელსა და მის წინ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის არსებული მანძილის ხელსაწყოს საშუალებით გაზომვის შესაძლებლობის დანერგვას. აღნიშნული კი სახალხო დამცველის შეფასებით მომავალში უზრუნველყოფს არაერთი პირის საქმეში გარემოებების სათანადოდ გამოკვლევას და დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)