სიახლეები

თბილისის სააღსრულებო ბიურომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაცია გაიზიარა

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება თბილისის სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულად გაითვალისწინა სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაცია და ერთ-ერთი ჩვენი განმცხადებელის სასარგებლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოება დაიწყო.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა რომ თბილისის სააღსრულებო ბიურო არ იწყებდა წარმოებას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გ.ბ.-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის თანხის ამოსაღებად, ვინაიდან თვლიდა, რომ იძულებითი განაცდურის თანხის ანაზღაურების ვალდებულება სამსახურს მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობოდა, რაც უკანონოდ გათავისუფლებული პირი (კრედიტორი) აღდგებოდა სასამართლოს მიერ მითითებულ თანამდებობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია რომ ბიუროს ამგვარი მიდგომა არ იყო დასაბუთებული და არ შეესაბამებოდა სააღსრულებო სისტემის მიზანს და მხოლოდ მოვალე მხარის ინტერესებს ითვალისწინებდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მომზადებულ რეკომენდაციაში ხაზი გაუსვა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო იძულებითი სააღსრულებო პროცესი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან დაგროვილი იძულებითი განაცდურის თანხის ამოსაღებად; ასევე, სამსახურში აღდგენამდე, კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების წარმოების პროცესში მოვალე მხარისგან განსაზღვრული პერიოდულობით მოეხდინა იძულებითი განაცდურის თანხის ამოღება. თბილისის სააღსრულებო ბიურომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)