სიახლეები

თბილისის მერიამ ზონალურ შეთანხმებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის გაზიარებას და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 7 აგვისტოს N3383 ბრძანების გაუქმებას. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ ქალაქში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების სასარგებლოდ მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე შეისწავლა თბილისში, მარაბდის ქუჩაზე დაგეგმილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კანონიერების საკითხი. შესწავლის შედეგებმა კი ცხადყო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საკითხის სრულყოფილი გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე, ასევე ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების საზიანოდ გასცა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში განმარტა, რომ განაშენიანების მიმართულებებით გადაწყვეტილებების მიღებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული წლების განმავლობაში დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის აქტიური, ქაოტური და სპონტანური განვითარების შედეგად წარმოშობილი რთული გამოწვევები და სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით დღეს არსებული მძიმე ვითარება. ამდენად, შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი განაშენიანების მქონე ქალაქებში არსებული მდგომარეობის შემსუბუქებას და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საპროექტო ტერიტორიების მიმდებარედ ისედაც უკვე გადაჭარბებულ ქალაქგეგმარებას კიდევ უფრო ამძიმებდა პარამეტრების გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის, ქუჩის გამტარუნარიანობისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების თვალსაზრისით.

თბილისის მერიამ გაიზიარა სახალხო დამცველის არგუმენტაცია და ახალ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება დღეს საყოველთაო გამოწვევას წარმოადგენს, რაც წინამდებარე შემთხვევაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, განმარტა, რომ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს და ხელყოფს სხვათა უფლებებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიესალმება თბილისის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ამ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაუქმების თაობაზე და მოუწოდებს ყველა მუნიციპალიტეტს, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისას, განუხრელად დაიცვას უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების უნივერსალური სტანდარტები და თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას იმოქმედონ მაღალი საჯარო ინტერესების შესაბამისად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)