სიახლეები

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინა

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და თანამშრომლებს საკვალიფიკაციო გამოცდებზე ჩაბარებული ტესტების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

2022 წლის 1 მაისიდან ცენტრში დასაქმებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ყველა წევრს 2 წელიწადში ერთხელ სავალდებულო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა. ცენტრი გამოსაცდელ პირებს შესრულებული ტესტის გაცნობის შესაძლებლობას მხოლოდ გასაჩივრების შემთხვევაში, კომისიის წინაშე განსახილველად აძლევდა. აღნიშნულის მიზეზად კი, საგამოცდო ტესტების შინაარსის გავრცელების პრევენციასა და საგამოცდო ტესტების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევას ასახელებდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა, თანამშრომლებისთვის საკუთარი საგამოცდო ნაშრომების გაცნობაზე უარის თქმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევად მიიჩნია.

სახალხო დამცველის შეფასებით, გამოსაცდელის ინტერესი - ჰქონდეს წვდომა საკუთარ ნაშრომზე - უპირატესია და აჭარბებს პოტენციურ რისკებს საგამოცდო ტესტების გავრცელების შესახებ. ამასთან, საგამოცდო ტესტები ვერ ჩაითვლება ცენტრის კომერციულ საიდუმლოებად, რამდენადაც არ აკმაყოფილებს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკანონმდებლო მოთხოვნებს.

სახალხო დამცველმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მოუწოდა, ცვლილება შეეტანა, სავალდებულო გამოცდების ჩაბარების მარეგულირებელ წესში და თანამშრომელთათვის საკუთარი საგამოცდო ნაშრომის ხელმისაწვდომობა უზრუნველეყო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)