სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა და ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საცხოვრებელიც სტიქიური მოვლენების გამო დაზიანდა, უსაფრთხო გარემოში განასახლა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განსახლების თაობაზე თავდაპირველი განხილვის დროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არ ფლობდა ინფორმაციას განმცხადებლის საცხოვრებლის სიახლოვეს არსებული გეოლოგიური პროცესების შესახებ, რაც საფრთხეს უქმნიდა ოჯახის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
საქართველოს სახალხო დამცველმა სააგენტოს განმცხადებლის საცხოვრებელი კარმიდამოს სიახლოვეს გეოლოგიური ვითარების შესწავლისა და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განმცხადებლის ოჯახის განსახლების თაობაზე წარმოება განაახლა, ამასთან, თხოვნით მიმართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს - გამოეკვლია, თუ რამდენად უქმნიდა საფრთხეს მიმდინარე გეოლოგიური პროცესები განმცხადებლის საცხოვრებელი სახლის მდგრადობას და გეოლოგიური შეფასების შედეგად განსახლების თაობაზე ეკომიგრანტი ოჯახისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.