სახალხო დამცველმა 11 თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით ა(ა)იპ უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრს რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ყოფილი თანამშრომლების შესაძლო უკანონო გათავისუფლებისა და მათი შრომითი უფლების დარღვევის საკითხი. საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ განმცხადებლებთან შრომითი ურთიერთობები კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შეწყდა.
2022 წლის 8 თებერვალს ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა 11 თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენების ბრძანებები გამოსცა. ბრძანებებს საფუძვლად დაედო შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და შრომის დისციპლინის დარღვევა. კერძოდ, არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა. 2022 წლის 14 თებერვალს დირექტორმა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები გამოსცა, რომლის თანახმად, განმცხადებლები დაკავებული პოზიციებიდან 2022 წლის 1 თებერვლიდან (წინა თარიღით) გათავისუფლდნენ. დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველს ამ შემთხვევაშიც არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოადგენდა.
ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მიმდინარე წლის იანვარი/თებერვლის პერიოდში ცენტრის ყოფილი დირექტორის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, სამსახურში ცხადდებოდნენ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პანდემიის გათვალისწინებით, რომ არ მომხდარიყო დახურულ სივრცეში რამდენიმე პირის თავშეყრა. ამასთან, საქმეში არსებული დოკუმენტით დასტურდება ერთ-ერთი თანამშრომლის დაინფიცირების შემთხვევა, რომლის სავარაუდო კონტაქტებს წარმოადგენდნენ განმცხადებლები. ახალ დირექტორს კი სამსახურში გამოცხადების წესის ცვლილების შესახებ მათთვის არ უცნობებია. აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლებთან კომუნიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება არც ცენტრის ხელმძღვანელობას არ წარმოუდგენია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდებამდე მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მიეცათ.
აღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს მივიჩნიოთ, რომ დამსაქმებლის ქმედებები იყო წინასწარ განზრახული და მიზანმიმართული, რაც დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის ხელოვნურად შექმნაში გამოიხატა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ ბრძანებების ჩაბარების შემდგომ, პირველივე სამუშაო დღეს სამსახურში გამოცხადებისას დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლების გამო, განმცხადებლებს ფიზიკურად არ მისცემიათ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოსწორების, დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების პირნათლად შესრულების დრო და საშუალება და იმავე დღეს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა უსინათლო ან მცირემხედველია. ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების დასაქმების არეალი უკიდურესად მწირია. ამასთან, ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მნიშვნელოვან მიზანს უსინათლო მოქალაქეთა შრომით, სამართლებრივ და სოციალურ დაცვას წარმოადგენს, რაც უსინათლოთა დასაქმების ხელშეწყობაში უნდა გამოიხატებოდეს.
ზემოაღნიშნული გარემოებებისა და განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ბრძანებების ფორსირებულ რეჟიმში გამოცემის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის მიერ გათავისუფლებულთა მიმართ განხორციელებული ქმედებები არ არის ლეგიტიმური. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა უფლებამოსილ პირებს - უზრუნველყონ გათავისუფლებული პირების აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციებზე და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.