სახალხო დამცველის წინადადება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
2020 წლის 23 ივლისს სახალხო დამცველი გამოეხმაურა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული დევნილთა დარღვეული უფლებების აღდგენის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წინადადებით მიმართა.
დოკუმენტში საუბარია დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტებში ინფრასტრუქტურის გაუმართაობასა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაც პანდემიამ კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩინა.
წყალმომარაგების, წყალარინების და საკანალიზაციო სისტემების ამორტიზების გამო, დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტების ნაწილში მოსახლეობას ძალიან რთულ პირობებში უწევს ცხოვრება. ამასთან, ვერ სრულდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაცია - ჰიგიენის დაცვის შესახებ (ხელების ხშირი დაბანა წყლითა და საპნით). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი ობიექტი გაზიფიცირებული არ არის. ასეთ ობიექტებში მცხოვრები ოჯახები ბევრად მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. შესაბამისად, მათი ელექტროენერგიის დანახარჯმა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა და ისინი სუბსიდირების მიღმა დარჩნენ.
სახალხო დამცველმა თავის წინადადებაში პანდემიის პირობებში უმუშევრად დარჩენილი დევნილი ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც გაუსვა ხაზი და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, სააგენტოს შესაბამისი რჩევებიც მიაწოდა.
აპარატი აგრძელებს დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას და მზადყოფნას გამოთქვამს იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.