სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე 2023 წლის 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები უწყვეტ რეჟიმში აქტიურად ადევნებდნენ თვალს საქართველოს პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტების გაპროტესტების მიზნით 7-9 მარტს გამართული აქციების მიმდინარეობას. ასევე, ამ დღეებში სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომლები ახორციელებდნენ ვიზიტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოებში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების მოსანახულებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება.[1] შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა.[2] ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ.[3] მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.[4]

აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების, უწყვეტად განხორციელებული მონიტორინგის და ამ ეტაპისათვის მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას თავის შეფასებებს წარმოუდგენს:

7 მარტის საღამოს ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელთან სცადა მიახლოება, რომლისკენ მიმავალი გზაც სამართალდამცავებს ჰქონდათ გადაკეტილი. აღნიშნულს მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს. მალევე, მოქალაქეთა მცირე ნაწილმა პარლამენტის მეორე შესასვლელთანაც გადაინაცვლა. ორივე ლოკაციაზე ფიქსირდებოდა დაპირისპირების შემთხვევები.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.

აღსანიშნავია ისიც, რომ, ორივე შემთხვევაში, და განსაკუთრებით 8 მარტის ღამის საათებში ძალის პირველად გამოყენების შემდეგ, ვითარება რამდენჯერმე კვლავ დაიძაბა და ადგილზე შეკრებილი პირების წინააღმდეგ განმეორებით არაერთხელ მოხდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, მაშინაც, როდესაც არ იკვეთებოდა მსგავსი აუცილებლობა. სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავს ვითარებაში ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები ყოველთვის ხელს უწყობს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას, რაც სამართალდამცავებმა თავიდან უნდა აირიდონ.

ამ დღეებში მედია საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდებოდა სრულიად უსაფუძვლოდ, ერთეული ადამიანების მხრიდან პოლიციის თანამშრომლებთან მშვიდობიანი მიახლოებისთანავე ხდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, დამიზნებით სახის არეში ზემოქმედება. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას. ასევე, მედია საშუალებებით გავრცელდა რამდენიმე ვიდეო მასალა, რომელშიც პირდაპირ ჩანს მოქალაქეებს მიმართ უხეში ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

შეკრებების მართვის მიზნით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც, გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც,[5] მაშინ, როდესაც, აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს.[6]

ამავდროულად, შეკრების შეწყვეტამდე და მის პარალელურადაც, სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა.

7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველი და რწმუნებულები იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოებში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მოინახულეს 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით.

დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილითა და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში.

გარდა ამისა, ამ დღეების მანძილზე მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია და სახალხო დამცველის აპარატსაც არაერთი პირი უკავშირდებოდა იმის თაობაზე, რომ ვერ პოულობენ ოჯახის წევრები თუ ადვოკატები დაკავებულ პირებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწვდიდა მათ განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული არღვევს დაკავებულების დაცვის უფლებას, რადგან მათ არ ეძლეოდათ ადვოკატებთან დროულად შეხვედრისა და დაცვის სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა.

სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.


[1] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის №37 ზოგადი კომენტარი (2020) მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე (მუხლი 21), CCPR/C/GC/37, 17 სექტემბერი 2020, პარ. 15., ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3F5SVZe > [08.03.2023].

[2] იქვე.

[3] ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, გვ. 18., ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://www.osce.org/files/f/documents/7/4/429062.pdf > [08.03.2023].

[4] ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარ. 164, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://www.osce.org/files/f/documents/4/0/73405.pdf > [08.03.2023].

[5] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3kZ77wk >, < bit.ly/3J0Zc9H >, < bit.ly/3JB8GtX >, < bit.ly/3J22QA4 > [09.03.2023].

[6] „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, ნაწილი 4.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)