სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია ხანდაზმულთა უფლებები და ომბუდსმენისა და მედიატორის ინსტიტუტების როლი

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშირისო დღე აღინიშნება. გაერო ყოველწლიურად სხვადასხვა თემით ეხმიანება ამ დღეს. წელს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის თემაა „ხანდაზმულთა გამძლეობა ცვალებად სამყაროში“. ამ საკითხებსა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებს ეძღვნებოდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციასთან (AOM) ერთად 2022 წლის 27 სექტემბერს უმასპინძლა.

საერთაშორისო კონფერენციის თემა იყო - „ხანდაზმულთა უფლებები და ომბუდსმენისა და მედიატორი ინსტიტუტების როლი“. ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის (AOM) მისიაა ფუნდამენტური უფლებების ხელშეწყობა და დაცვა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. ეს თანამშრომლობა სხვადასხვა ომბუდსმენისა და მედიატორი ინსტიტუტების გამოცდილებების სტანდარტიზებას წევრებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

კონფერენციაზე მოწვეულმა ომბუდსმენებმა და ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხანდაზმულთა უფლებების დაცვაში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თავიანთი გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და ინიციატივები გაუზიარეს.

ნინო ლომჯარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სახალხო დამცველი ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე ამახვილებს ყურადღებას.

„დღევანდელი კონფერენცია სწორედ ამ აქტივობის დემონსტრირებაა და მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვის მექანიზმის გაძლიერების და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მან ასევე ისაუბრა გაეროს გენერალური ასამბლეის „დაბერების შესახებ“ ღია სამუშაო ჯგუფის შესახებ (OEWG), რომელიც 2010 წლიდან მუშაობს ხანდაზმულთა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჩარჩოს შექმნაზე. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს და წარადგენს შესაბამის მოხსენებებს ქვეყანაში ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე.

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფერენციის მხარდაჭერისთვის ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციას.

კონფერენციის გახსნაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

კონფერენციაზე ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის (AOM) პრეზიდენტისა და საბერძნეთის ომბუდსმენის დოქტორ ანდრეას პოტაკისის და დასავლეთ ავსტრალიის ომბუდსმენისა და საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) პრეზიდენტის ბატონ კრის ფილდის ვიდეო განცხადებები მოისმინეს.

კონფერენციაზე ორი ძირითადი საკითხი განიხილეს: 1. კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა ხანდაზმულებზე და ომბუდსმენის/მედიატორის აქტივობები და 2. ხანდაზმულთა ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში - გამოწვევები და შესაძლებლობები. თემატურ სესიებზე განხილვებს საქართველოს სახალხო დამცველის პირველის პირველი მოადგილე - თამარ გვარამაძემ უძღვებოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)