სიახლეები

ხანდაზმულთა დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შემდგომი ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ხანდაზმულთა დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შემდგომი ანგარიში მოამზადა, რომელიც 2022 წლის ივნისში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში, შიდა ქართლსა და რუსთავში მდებარე ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში განთავსებულ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის და პირობების შესაფასებლად, 4 ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულება მოინახულეს: 1. ა(ა)იპ რუსთავის „წმ. აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“, 2. გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხურვალეთის სათემო ორგანიზაცია „ააიპ სახლი საზღვრებს გარეშე“, 3. ა(ა)იპ მოხუცებულთა პანსიონატი „სათნოების გზა“, თბილისში და 4. სიღნაღის რაიონში დაბა წნორის ხანდაზმულთა სახლი „ხანდაზმულთა სავანე ბეთელი“. მონიტორინგის დროს, ოთხივე დაწესებულებაში ერთად 78 ხანდაზმული პირი იმყოფებოდა.

მონიტორინგმა მთელი რიგი სისტემური პრობლემები გამოავლინა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ შემოწმებულ ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებების უმეტესობაში საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები, არასათანადოდ, ან საერთოდ არ სრულდება. ზოგიერთი დაწესებულების ხელმძღვანელმა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ იცოდნენ და არც სმენიათ ხანდაზმულთა მომსახურების სტანდარტების შესახებ.

მონიტორინგის შედეგად, სხვა პრობლემებთან ერთად გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები:

  • დაწესებულებების ნაწილი არ არის კეთილმოწყობილი, არ აქვთ ადეკვატური ინფრასტრუქტურა და ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან;
  • ხანდაზმულები ხშირად დისკრიმინაციულ და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში იმყოფებიან;
  • უგულებელყოფილია ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვა;
  • ირღვევა კვების სტანდარტი;
  • ბენეფიციარების ძირითადი ნაწილი ინფორმირებული არ არის საკუთარი უფლებების შესახებ;
  • გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა ფსიქიატრიული მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ექცევა სათანადო ყურადღება;
  • დაწესებულებების ადმინისტრაციას შემუშავებული არ აქვს ფსიქიატრიული შემთხვევის მართვის შიდა სტანდარტი;
  • ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვა არ ხდება სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • ბენეფიციარებზე ზრუნვა ძირითადად ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება;
  • დარღვეულია მზრუნველებზე ბენეფიციართა განაწილების სტანდარტები, მზრუნველებს არ აქვთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ანგარიშში ვრცლად არის განხილული მონიტორინგის ძირითადი მიგნებები და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)