სიახლეები

იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვა: სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისთვის

2022 წლის 9 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ონლაინ ღონისძიებაში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დაცვის მიზნით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისთვის (NHRI) შექმნილი სახელმძღვანელო წარადგინეს და განიხილეს.

სახელმძღვანელო ერთობლივად შეიმუშავეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისმა (UNHCR), დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურმა ალიანსმა (GANHRI) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP). სახელმძღვანელოში წარმოდგენილია დევნილთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი და პოლიტიკის სტანდარტები, გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების როლი და საქმიანობა დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით და მიმოხილულია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად იყო ჩართული ამ სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში და ასევე, სახალხო დამცველის აპარატი მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის მიმართულებით.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სახელმძღვანელოს მიზანია, რომ დახმარება გაუწიოს NHRI-ებს, რათა მათ შეძლონ სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი მანდატები და დაიცვან ადამიანის უფლებები, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს UNHCR-ის უმაღლესი კომისრის თანაშემწემ ჯილიან ტრიგსმა და GANHRI-ის თავმჯდომარემ და კოლუმბიის ომბუდსმენმა კარლოს ერნესტო კამარგო ასისმა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) უფლებრივი მდგომარეობა და მათი ძირითადი პრობლემები განიხილა. აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასული საუკუნის 90-იანი წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად ქვეყანა 30 წელია იძულებით გადაადგილების პრობლემის წინაშე დგას, და რომ ქვეყანაში 286 811 დევნილია, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 6% წარმოადგენს. სამწუხაროდ, დევნილი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში.

სახალხო დამცველმა დევნილთა განსახლების პრობლემაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ სახელმწიფომ 2020 წლის ბოლოს მონაცემებით, მხოლოდ 41 263 ოჯახი დაასახლა და 49 598 ოჯახი ჯერ კიდევ განსახლების მოლოდინშია. აქვე ხაზი გაუსვა, რომ ოფიციალური მონაცემებით 2000-ზე მეტ ოჯახს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გაზრდილი რისკის მქონე ე.წ. ნგრევად ობიექტებში უწევს ცხოვრება.

ნინო ლომჯარიამ შეხვედრის მონაწილეებს იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა გააცნო და დევნილებისადმი პირდაპირი მხარდაჭერის მაგალითები განიხილა, მათ შორის, როგორც იურიდიული დახმარების, ისე ინდივიდუალური საჩივრების შესწავლის მხრივ.

იხილეთ სახელმძღვანელო ინგლისური ენაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)