სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება უფლებადამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

9 დეკემბერს უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ტრადიციულად, უერთდება ამ თარიღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უფლებადამცველთა განსაკუთრებულ როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

წლების განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა უფლებადამცველების საქმიანობისთვის შექმნილი არსებული არაერთი დაბრკოლება გამოკვეთა. მათ შორის, მუდმივად პრობლემური იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელი განცხადებები, რასაც, წლების განმავლობაში, სახალხო დამცველი საჯარო განცხადებებითა და საპარლამენტო ანგარიშებით ეხმაურებოდა.[1] მიმდინარე წელს კი განსაკუთრებით საყურადღებო იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების დამატებითი რეგულირების ინიციატივა,[2] რამაც შესაძლოა, მომავალში უფლებადამცველთა საქმიანობის თავისუფალი სივრცის შევიწროების საფრთხე შექმნას. სახალხო დამცველს არაერთხელ გაუკრიტიკებია მსგავსი, საერთაშორისო დონეზე უფლებადამცველთა დაცვის უზრუნველსაყოფად შექმნილი გარანტიების საწინააღმდეგო ინიციატივები.[3]

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ გაეროს, ევროპის საბჭოს და ეუთოს/ოდირის მიერ დადგენილი სტანდარტების[4] გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, თანამდებობის პირებმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროს, თავი შეიკავონ უფლებადამცველთა წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართვისგან და ხელი არ შეუშალონ მათი საქმიანობის განხორციელებას საკანონმდებლო ცვლილებებითა თუ კონკრეტულ ღონისძიებებზე არდაშვების გზით, ასევე, უფლებადამცველთა მიმართ ნებისმიერ ძალადობრივ ფაქტზე, როგორიც მაგალითად იყო მიმდინარე, 2022 წელს სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ანგარიშსწორება, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ დროული და ეფექტური რეაგირება მომავალში მსგავსი უფლებადარღვევების პრევენციისათვის.

გარდა ამისა, საზოგადოებას დამატებით შევახსენებთ, რომ 2018 წლიდან, უფლებადამცველთა წინაშე გამოკვეთილ გამოწვევებს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის დამოუკიდებელი თავი ეთმობა. ეროვნულ დონეზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით, 2020 წელს, აპარატმა უფლებადამცველების საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველთა უფლებების დაცვის ხელშეწყობას.

სახალხო დამცველის აპარატი უფლებადამცველთა საქმიანობის მხარდაჭერისთვის აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. ასევე, სახალხო დამცველი, როგორც ერთადერთი ევროპული ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, ჩართული იყო დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მიერ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობით, უფლებადამცველთა მდგომარეობის მონიტორინგის საერთაშორისო ინსტრუმენტის შემუშავების პროცესში.


[1] სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 194, სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 257, სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 250, სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 167.

[2] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3F4mrxq > [08.12.2022].

[3] საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 257-260; , საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 250-254; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 165-168; იხ. აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3LtqtBY > ; < https://bit.ly/3sEx9EJ > ; < https://bit.ly/3LDy8h2 > ; < https://bit.ly/3uRAlQm > ; <https://bit.ly/3Bu9JGb >, < bit.ly/3iHAlya >, < bit.ly/3h9DLJI > [08.12.2022]

[4] იხ. გაეროს დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში უფლებადამცველების დაცვის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2225 (2018), ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სახელმძღვანელო უფლებადამცველთა უფლებების დაცვის შესახებ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიში ცალკეულ ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)