სახალხო დამცველის განცხადება უფლებადამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ყოველ 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ტრადიციულად უერთდება უფლებადამცველთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
2021 წლის 9 დეკემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა უფლებადამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა, სადაც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უფლებადამცველთა განსაკუთრებულ როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ისაუბრა უფლებადამცველთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მიმოიხილა აპარატის მიერ შემუშავებული „ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელო“, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველთა ცნების განმარტების დახვეწას და გამოკვეთს სახელმწიფოს ვალდებულებებს დაიცვას და ხელი შეუწყოს უფლებადამცველთა საქმიანობა.
„ჩვენმა მონიტორინგმა უფლებადამცველთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების არაერთი სამწუხარო ტენდენცია გამოავლინა. მათ შორის, დღემდე აქტუალურია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები. წარსულში, არაერთი მსგავსი ფაქტი გაგვიკრიტიკებია[1] და კვლავ საგანგებოდ განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ უფლებადამცველებისა და მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის წარმოებისგან, საჯაროდ აღიარონ მათი დაცულობის საჭიროება და აღნიშნონ უფლებადამცველთა საქმიანობის მნიშვნელობა მაშინაც კი, როდესაც ის კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა განსაკუთრებით საგანგაშო უწოდა 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ძალადობრივი ჯგუფების ფიზიკურ თავდასხმებს უფლებადამცველებზე და ორგანიზაცია „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისებზე, რომელიც სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს. ისაუბრა მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე და მათი დროული და ეფექტიანი გამოძიების აუცილებლობაზე.[2] პრობლემის მასშტაბურობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა 5 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა, რა დროსაც მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მედიის წარმომადგენელთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ასევე, თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურის მიმდინარეობისას.
აქვე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და მადისკრედიტირებელი კამპანიები[3] არსებული მტრული გარემოს ფონზე, კიდევ უფრო ახალისებს მათ მიმართ ძალადობას.
დასასრულს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს - დროულად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ასევე, მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების თაობაზე.
პოლიტიკური თანამდებობის პირებს კი მოუწოდა - უფლებადამცველების, მათ შორის, ჟურნალისტების საქმიანობის მაქსიმალურად ხელშესაწყობად, იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით და თავი შეიკავონ მათი დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 251, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3CJscy1> [09.12.2021]; იხ. აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 24 ოქტომბრის განცხადება იმ საერთაშორისო ვალდებულებების თაობაზე, რომლებიც ხელისუფლებას უფლებადამცველთა საქმიანობის ხელშეწყობისთვის ეკისრება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3kBAySa> [09.12.2021]
[2] საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3CDI58Z >, < https://bit.ly/3AAGtMN >, < https://bit.ly/3lLqiWG >, < https://bit.ly/3CAWtik >, < https://bit.ly/2W3IlOX > [23.09.2021].
[3] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3yajvM8>, <https://bit.ly/3EwXSHX>, <https://bit.ly/3lCyQzZ>, <https://netgazeti.ge/news/555767/>, <https://bit.ly/3oy0qQw> [09.12.2021].