შეხვედრა 20 ივნისს დაკავებულ აქციის მონაწილეთა ოჯახის წევრებს და ადვოკატებთან
2019 წლის 11 ოქტომბერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის წარმომადგენლები 20 ივნისს დაკავებულ აქციის მონაწილეთა ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდნენ, მათგან ყურადსაღები ინფორმაცია მიიღეს და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„არსებობს მტკიცებულებები, რომ ბრალდებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებისას თუ სხვადასხვა გარემოებებში, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობას დაექვემდებარნენ. საყურადღებოა, რომ ეს პირები დაუყოვნებლივ ცნეს ბრალდებულად თუმცა, დღემდე არ არიან დაზარალებულად ცნობილი. ამასთან, ჭიანურდება სასამართლო ექსპერტიზის შედეგები და არ გაცემულა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები“, - განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველმა ასევე, ხაზი გაუსვა გარკვეულ უარყოფით ტენდენციას, როდესაც გამოძიებამ ძალიან სწრაფად მოახდინა ნიღბიანი პოლიციელების ამოცნობა და მათი დაზარალებულად ცნობა, მაშინ როცა დაზარალებულად არ უცვნია ის ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და მაყურებელი მათი ფიზიკური დაშავების პროცესს პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.
სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის იმ საქმეებს, სადაც მნიშვნელოვანი გარემოებები და სავარაუდო დარღვევები იკვეთება. მათ შორის, ბრალდებულ ზურაბ ბუღადაშვილის ძმის საქმეს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს; შეისწავლის ასევე ირაკლი ოქრუაშვილის და კოშაძის შემთხვევებს (რომელიც იარაღის ე.წ. ჩადების შესახებ საუბრობს). აპარატმა 20 ივნისს დაკავებული აქციის ყველა მონაწილე მოინახულა და საჭიროებისამებრ აგრძელებს მათ მონახულებას.