სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ

2024 წლის 21-22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, სადაც ადვოკატთა ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში მართლმსაჯულების სფეროს განვითარების საკითხები, რეფორმის მიმდინარეობა, მთავარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ღონისძიებაზე ლევან იოსელიანი გაეცნო არასამთავრობო სექტორის მოსაზრებებს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მისაღწევად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის საკითხებზე, ე.წ. ვეტინგზე.

სახალხო დამცველმა მართლმსაჯულების სფეროსთან დაკავშირებით აპარატის საქმიანობა მიმოიხილა, ისაუბრა აპარატის მიერ გამოკვეთილ პრობლემებზე და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებულ რეკომენდაციებსა და სასამართლო მეგობრის მოსაზრებებზე. ხაზი გაუსვა სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებისა და საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხების წარმატებით გადასაჭრელად პროცესში ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი და აქტიური მონაწილეობაა აუცილებელი.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

შეხვედრის მონაწილეები მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობასა და მონიტორინგის მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ იყო ორგანიზებული.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)