სიახლეები

საკონსტიტუციო სასმართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენის წესთან დაკავშირებით

2024 წლის 20 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის №697 კონსტიტუციური სარჩელი. სახალხო დამცველმა აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა 2015 წელს, რომლითაც სადავო იყო ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლები და პროცედურა, აგრეთვე ბიოლოგიური ნიმუშის აღების წესი.

სახალხო დამცველის პოზიციით, პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენა და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება უნდა მომხდარიყო არა პოლიციელის სუბიექტური ეჭვის საფუძველზე, არამედ სასამართლოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, რათა ადგილი არ ჰქონოდა პირის ფიზიკური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებებში თვითნებურ, დაუსაბუთებელ ჩარევასა და ამით ადამიანის ღირსების შელახვას. ამასთან, წესი, რომელიც ადგენდა გამოსაკვლევად წარდგენილი პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების შესაძლებლობას, წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიასთან. სახალხო დამცველის პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაციის საფუძველზე პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისრებოდა არაკონსტიტუციური პროცედურების გზით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და მე-15 მუხლებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო, სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის დაკავების აუცილებლობას ადგენდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობდა პირის სხეულიდან ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების კვალის გაქრობის/შემცირების საფრთხე. ასევე, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის წარდგენისა და გამოკვლევის უფლებამოსილებით შესაბამის მოხელეს აღჭურავდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ იდგა პირის წარდგენისა და გამოკვლევის გადაუდებელი, მყისიერი აუცილებლობა და ობიექტურად შესაძლებელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების მოპოვება იმ დროში, რა დროშიც ეჭვქვეშ არ დადგებოდა სამართალდარღვევის გამოვლენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ, განმარტებით იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტურად შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების მოპოვება იმ დროში, რა დროშიც ეჭვქვეშ არ დადგება სამართალდარღვევის გამოვლენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა, არ დგას პირის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენისა და გამოკვლევის გადაუდებელი, მყისიერი აუცილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის იძულებით წარდგენა საექსპერტო დაწესებულებაში, თავისი არსით, წარმოადგენს პირის დაკავებას კონსტიტუციის მე-13 მუხლის მიზნებისთვის. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ყოველთვის არ არის სახეზე პირის დაკავების აუცილებლობა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს პირის სხეულიდან ნარკოტიკული ნივთიერების კვალის გაქრობის საფრთხე, შესაძლებელია პირის სავალდებულო წესით დაბარება საექსპერტო დაწესებულებაში და ამ გზით მის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა, რაც წარმოადგენს ნაკლები ინტენსივობის ჩარევას ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თვითინკრიმინაციის დაცვის პრივილეგიით გარანტირებული უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს რეგულირება, რომლის ფარგლებშიც არ ხდება პირის ნებაზე ზემოქმედება, მისგან მტკიცებულების მოპოვების მიზნით. სასამართლომ განმარტა, რომ ბიოლოგიური მასალა მათ შორის ნერწყვისა და შარდის ნიმუშები, (მსგავსად თითის ანაბეჭდის, თმის ღერის და სხვ.) არსებობს პირის ნებისგან დამოუკიდებლად. მისი მოპოვება შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური, ბუნებრივი ფუნქციონირების შედეგად, ხელოვნური ჩარევისა და პირის ნებაზე იძულების გარეშე.

ვრცლად იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება https://bit.ly/412jQAH

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)