სიახლეები

სახალხო დამცველმა პარლამენტს მიმართა, რათა პატიმარ ბრალდებულებს ადვოკატებთან დარეკვის უფლება აღარ შეეზღუდოთ

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილება და პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, სატელეფონო საუბრის შეზღუდვის პერიოდშიც, სრულად შეეძლოთ ადვოკატებთან დარეკვა. ცვლილება აუცილებელია ბრალდებულთა ეფექტიანი დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად.

პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულების მომართვის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ ხარვეზიანი საკანონმდებლო რეგულირების გამო, პენიტენციური დაწესებულებები არ აძლევენ ბრალდებულებს მათ ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობას, თუ ბრალდებულების მიმართ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით გამოყენებულია სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა.

აღსანიშნავია, რომ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით ბრალდებულისთვის სატელეფონო უფლების შეზღუდვა შესაძლოა გაგრძელდეს პირის ბრალდებულად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში - 9 თვემდე ვადით. თითოეული პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ამ პერიოდში ბრალდებულები ვერ ურეკავენ ადვოკატებს, თუ მათ მიმართ გამოყენებულია სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადვოკატი არ არის მითითებული პატიმრობის კოდექსის საგამონაკლისო აბონენტთა ჩამონათვალში.

პენიტენციური დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2020-2021 წლების მანძილზე სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით გამოყენებული იყო 908 ბრალდებულის მიმართ, რაც მოცემული საკითხის მნიშვნელობაზე დამატებით მიუთითებს.

სატელეფონო საუბრის უფლება ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი გზაა ბრალდებულისთვის დაუკავშირდეს ადვოკატს, შეუთანხმოს დაცვის სტრატეგია ან კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები. მით უფრო, რომ საპროცესო კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს საქმის არსებითად განხილვამდე მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენის ვადებს და აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი მტკიცებულება, როგორც წესი, სასამართლოს მიერ აღარ განიხილება. გასათვალისწინებელია, რომ ადრესატისთვის ჩაბარების დროისა და ხარვეზების მხედველობაში მიღებით, საფოსტო გზავნილები ვერ იქნება სატელეფონო კომუნიკაციის ეკვივალენტური ალტერნატივა.

მისასალმებელია, რომ გენერალური პროკურატურა იზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას და მათი მოსაზრებით, ბრალდებულის სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არ გულისხმობს ადვოკატთან კომუნიკაციის აკრძალვას.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პარლამენტი დაეთანხმება წინადადებას და ყოველწლიურად პატიმრობაში მყოფ ასობით პატიმარს მიეცემა უფლება დაუკავშირდნენ მათი კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატებს სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)