სიახლეები

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N7 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა N157 ბრძანებით[1] შექმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.[2]

ექსპერტთა ჯგუფს ამ დრომდე შემუშავებული ჰქონდა ექვსი დასკვნა, კერძოდ: 17.11.2021,[3] 18.11.2021,[4] 25.11.2021,[5] 14.12.2021,[6] 19.01.2022[7] და 27.04.2021 დასკვნა.

მიმდინარე პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად დამძიმების შესახებ ცნობების აქტიურად გავრცელების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიღო ექსპერტთა ჯგუფის მორიგი მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება.

შესაბამისად, 2022 წლის 4 დეკემბერს ოთხი ექსპერტი იმყოფებოდა კლინიკა „ვივამედში“ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვისა და რელევანტური სამედიცინო მასალების გაცნობის მიზნით, ხოლო ამავე წლის 5 დეკემბერს, კონკრეტულ საკითხებზე დამატებითი დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან.

4-5 დეკემბრის ვიზიტების მიზანი იყო პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და ჩივილების, სიმპტომების აღწერა-შეფასება. ასევე, დინამიკის შეფასება წინარე ვიზიტებთან მიმართებით, იმ კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, რაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს გააჩნია.

4 დეკემბრის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი), აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი). 5 დეკემბერს ვიზიტი განახორციელა გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი). ხოლო ვიზიტების შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობა ასევე მიიღეს გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი) და ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი).

I. პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება

ექსპერტთა ჯგუფის პოზიციით, პაციენტის მდგომარეობა, ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ, მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე.

II. პაციენტის შეფასების მონაცემები და მსჯელობა

სახეზე გვაქვს შემდეგი ძირითადი სიმპტომები:

  • წონაში კლება 42 კგ., გასული წლის ოქტომბერში იყო 115 კგ., 2022 წლის მაისის თვეში 104 კგ. ამჟამად არის 73,6კგ. ამ­ჟა­მად სხეულის მასის ინდექსი არის 20კგ/მ2
  • დაქვეითებული კუნთების ძალა
  • შემცირებული კუნთების მასა
  • მოძრაობის შეზღუდვა
  • ენერგიის დაქვეითება
  • მგრძნობელობის დარღვევა კიდურებში
  • ცხელება
  • კოგნიტიური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა)

დიაგნოზები

1. კახექსია - ჰიპერკატაბოლური მდგომარეობა, რაც ასო­ცირებულია სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებთან და ხასიათდება კუნთების მასის კლე­ბით ცხიმოვანი მასის კლებასთან ერთად ან მის გარეშე.

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია მოცემული კრიტერიუმებიდან მინიმუმ სამი:

  • დაქვეითებული კუნთების ძალა
  • დაქვეითებული კუნთების მასა
  • დაქვეითებული ენერგია/დაღლილობა
  • ანორექსია
  • ბიოქიმიური ცვლილებები (ანემია, ინფლამაცია, ჰიპოალბუმინემია).

პაციენტის ამჟამად აქვს:

  • დაქვეითებული კუნთების ძალა
  • შემცირებული კუნთების მასა
  • ენერგიის დაქვეითება
  • ანო­რექ­სია
  • ანემია
  • ცხელება
  • წონის კლება 42 კგ (36% საწყისი წონის)

ამგვარად პაციენტის მდგომარეობა აკმაყოფილებს კახექსიის მე-4 დონეს (გამომდინარე კახექსიის გრადაციის სისტემიდან: სხეულის მასის ინდექსი BMI ≤20 კგ/მ2 და წონის კლება 6-დან -11%-მდე მიუთითებს). თუ 2021 წლის ოქტომბერიდან 2022 წლის მაისამდე, ანუ 7 თვეში მან დაიკლო 115-105=10 კგ, 2022 წლის მაისიდან დეკემბრის დასაწყისისათვის 7 თვეში უკვე 105-73.6=31.4 კგ (წონის 29.5%), ანუ წონის კლების სიჩქარე გასამმაგდა.

2. ყოველდღიური ცხელების ეპიზოდები (გენეზი დაუდგენელია)

3. ანორექსია, ასთენია

4. კუნთების განლევა

5. გაღრმავებული ანემია

6. პოლინეიროპათია

7. ორთოსტატიული ჰიპოტენზია

8. კოგნიტიური გაუარესება

9. პოსტტრავმული სტრეს სინდრომი (დიაგნოზი დასმულია 2021 წლის 14 დეკემბრისა და 2022 წლის 19 იანვრის დასკვნებით)[8]

მსჯელობა:

  1. პაციენტის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება ბოლო წლის და განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში;
  2. გაღრმავდა ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია და დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას;
  3. სამწუხაროდ, განვითარდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ არა ერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება - სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ-დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე;
  4. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში (რაც ჩვეულებრივ პაციენტის მართვის სტანდარტია თანამედროვე მედიცინისთვის) და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით. პაციენტს უტარდება მრავალი კვლევა, თუმცა არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია და მკურნალობა ძირითადად სხვადასხვა ახალ გართულებებზე რეაგირების რეჟიმში ტარდება;
  5. კონსილიუმის აზრით, პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. პროცესის ამგვარი განვითარება პროგნოზირებული იყო კიდეც ჩვენს ადრინდელ დასკვნებში.

დასკვნა

  1. პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე;
  2. სახეზეა ნევროლოგიური სტატუსის გაუარესება, ანემიის გაღრმავება, ანორექსია და გასტროენტერალური მოვლენები. წონის მკვეთრი და სწრაფი კლება, კუნთოვანი მასის განლევა, ცხელება. სახეზეა კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა;
  3. პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. წონის კლების სიჩქარე ბოლო თვეებში გასამმაგდა. ასეთი სისწრაფით კლებისას კი კრიტიკული BMI <14 ( რაც < 52 კგ-ს შეესაბამება)[9] მიღწეულ იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება;
  4. ამჟამინდელი მკურნალობა შედეგს არ იძლევა. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით;
  5. ექსპერტული მოსაზრებით, პაციენტს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა, რამოდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში, მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ვთვლით, რომ მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

/გიორგი გრიგოლია/

/გრიგოლი ხურციძე/

/გიორგი კაჭარავა/

/გიორგი პაპიაშვილი/

/აიდა გოზალოვა/

/თენგიზ წულაძე/

/ნინო ზავრაშვილი/


[1] იხ. < shorturl.at/enpzX >

[2] იხ. < shorturl.at/duwLV>

[3] იხ. < shorturl.at/fjzIX >

[4]იხ. < https://cutt.ly/hIWRBgU >

[5] იხ. < https://cutt.ly/EIWRMCP >

[6]იხ. < https://cutt.ly/oIWR9Y9 >

[7] იხ. < https://bit.ly/3Mu30jH >.

[8] გარკვეული დიაგნოზი და ჩივილები წარმოდგენილია დასკვნის არასაჯარო ნაწილში, რომელიც კონფიდენციალურია.

[9] < https://www.calculator.net/anorexic-bmi-calculator.html >, < shorturl.at/bPQX4 >

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)