სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ექიმთა კონსილიუმთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სახალხო დამცველის განცხადებით, კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხი მოგვარებულია და რწმუნებები მათ ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე გადაეცემათ.

სახალხო დამცველი გასულ კვირას შეხვდა კონსილიუმის წევრებს და მიაწოდა მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ კონსილიუმს მისი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებოდა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, შენარჩუნებულია და ამ პროცესს მისგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)