სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება აქციაზე დაკავებულთა შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული აქციის მონაწილეები მოინახულა. სახალხო დამცველის განცხადებით 15-მდე დაკავებულიდან 2-ის გარდა, ყველა აცხადებს, რომ დაკავებისას საშინელ ფიზიკურ ზეწოლას დაექვემდებარა.

„ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული, თუმცა, ზოგიერთის თქმით, სხეულის სხვა ადგილებიც აქვთ დაშავებული. ერთ-ერთ დაკავებულს მთელი სახე სისხლნაჟღენთებით ჰქონდა სავსე.

რაც ვნახე, არის სიმხეცე, რომელსაც გამართლება არ აქვს. პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაკავებისას არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას. კანონი უპირველესად კანონდამცველმა უნდა დაიცვას და დამნაშავესაც კანონის მიხედვით უნდა მოეპყრას. ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ყველასი, ვინც აკავებს, ვინც საპოლიციო ოპერაციას ატარებს, და მერე ვინც იძიებს დაკავების პირობებს.

მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანად გამოიძიოს თითოეული შემთხვევა. ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ აქციებზე წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი. ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც გამოუძიებელი რჩება და რომელზეც სახელმწიფო დროულად და ადეკვატურად არ რეაგირებს, მათი გამეორების ალბათობას ზრდის. ამიტომ, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

ჩვენ ყველა ინფორმაციას გავასაჯაროებთ და ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მასალას გავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ასევე, მივადევნებთ თვალს თავად გამოძიების მიმდინარეობას,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა მედიასთან საუბარში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)