სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა პროექტის „ბავშვი და პოლიცია“ მეორე ეტაპი დაასრულეს

2023 წლის 15 მაისიდან 8 ივნისამდე პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თემაზე „ბავშვი და პოლიცია“, შეხვედრები გამართა. პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებისთვის მათი უფლებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო, განსაკუთრებით პოლიციასთან ურთიერთობის ჭრილში.

პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოებთან თანამშრომლობით, ეწვივნენ თბილისის, იმერეთის, სამეგრელოს, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და კახეთის სკოლებს. აპარატის წარმომადგენლები 54 სხვადასხვა სკოლის 1 650 მოსწავლეს შეხვდნენ. შეხვედრა ასევე გაიმართა ერთი კოლეჯის 10 სტუდენტთან.

პროექტის პირველი ეტაპის მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება ამჯერადაც სხვადასხვა საპოლიციო მოქმედებისას ბავშვის უფლებებს დაეთმო. სკოლის მოსწავლეებს განემარტათ თუ რა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ მათ ისეთი მოქმედებების განხორციელებისას, როგორიცაა გამოკითხვა, იდენტიფიკაცია (პოლიციის მიერ ბავშვებისთვის ფოტოების გადაღება), ზედაპირული შემოწმება და სხვა. მოსწავლეებს ეცნობათ იმ უფლებამოსილი უწყებების შესახებ, რომლებსაც უნდა მიმართონ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და მიეწოდათ დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს/ტრენინგებს უფლებების შესახებ მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვნების მაქსიმალური ინფორმირების მიზნით. სახალხო დამცველი განსაკუთრებულად მიესალმება ბავშვების მაღალ ინტერესს სამოქალაქო განათლების მიმართ და მადლობას უხდის მათ შეხვედრებში აქტიური ჩართულობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციებს ეფექტიანი თანამშრომლობისა და პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)