სიახლეები

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში შესახლების კადრების გავრცელებას ეხმიანება

2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.

ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა.

იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების ნაკრების გავრცელება მიზნად ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით, გამოძიების მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის აღნიშნული ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელია შერჩეულიყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება.

სახალხო დამცველი მოითხოვს - იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)