განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს, გვსურს კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ ამ მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა ერთდროულად გულისხმობს როგორც გამართული კანონმდებლობის არსებობას, ისე მის ეფექტურ აღსრულებას. კანონმდებლობა სისხლისსამართლებრივად მკაფიოდ უნდა კრძალავდეს წამებასა და არასათანადო მოპყრობის ნებისმიერ ფორმას და ასევე ყველა თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დეტალურად უნდა იყოს გაწერილი შესაბამისი გარანტიები, ხოლო საკანონმდებლო ნორმების აღსრულება კი ზედმიწევნით უნდა ხდებოდეს.
სახალხო დამცველი ხშირად საუბრობს სტამბოლის ოქმის იმპლემენტაციის აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს ყველა დაკავებული პირის დაზიანებების დროულ და სრულყოფილ დოკუმენტირებას და შესაბამისი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებას. ამ კუთხით, დღესდღეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოწვევად რჩება დაზიანებების დოკუმენტირების ხარისხი, ხოლო პენიტენციურ სისტემაში, ასევე, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოვლენა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინება.
დაკავებული პირები კვლავ უთითებენ დაკავებისას ძალის გადამეტებასა და დაკავების შემდეგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილი 429 საეჭვო შემთხვევიდან, ყოველი მესამე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი უთითებდა დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ დაზიანების მიღებაზე. ამასთან, კვლავ სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა და უფლებების შესახებ ინფორმირება. ასევე, პრობლემურია სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა და ის გარემოება, რომ პოლიციის დაწესებულების სივრცეები, სადაც დაკავებულს/მოქალაქეს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით სრულად არა არის დაფარული.
პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრები ცალკეულ შემთხვევებში უთითებენ პერსონალის მხრიდან ძალადობაზე. ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება პატიმრის ხანგრძლივად განცალკევება, მათ შორის, დეესკალაციის ოთახში, არასათანადო პირობებში მოთავსება ან/და საჭირო და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების დროული მიუწოდებლობა. გამოწვევაა პატიმართა შორის ძალადობა, რომლის რისკებს ზრდის ზოგიერთ დაწესებულებაში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა.
არასათანადო მოპყრობის მხრივ თანაბრად საყურადღებოა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. გამოწვევაა დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში ცხოვრებენ. პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და კვალიფიკაცია განაპირობებს პაციენტთა მიმართ უხეშ მოპყრობას და უგულვებელყოფას, ასევე, პაციენტთა შორის კონფლიქტებსა და ძალადობას. ხშირად გამოიყენება ქიმიური ან/და ფიზიკური შეზღუდვა.
წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარ გამოწვევად წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების ეფექტიანი გამოძიება უნდა დასახელდეს. 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა პროკურატურის მიერ უშედეგოდ წარმოებული რამდენიმე ათეული საქმის გამოძიების მასალები, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება ვერ პასუხობდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს.
2019 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიენიჭა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქცია. მისასალმებელია, რომ სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან და ინდივიდუალურ საქმეებზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვეწოდება ყოველ ჯერზე. სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აგრძელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მონიტორინგს და იმედოვნებს, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს ინსპექტორის სამსახური ადეკვატურად და გამჭვირვალედ უპასუხებს.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს და შეახსენებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის უზრუნველყოფასთან ერთად, გაატარონ სისტემური და ინდივიდუალური ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული თავისუფლება შეზღუდულ პირთა მიმართ წამება ან არასათანადო მოპყრობის ნებისმიერი სხვა ფორმა.