განცხადება არასრულწლოვანის თანდასწრებით საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შესახებ
სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, სადაც იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი. არსებული ცნობით, არასრულწლოვანი სახლში იყო ჩაკეტილი და ბიძას არ ეძლეოდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა.
სახალხო დამცველის აპარატს კომუნიკაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადგილზე გავიდნენ აპარატის წარმომადგენლებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვი გამოყვანილია ბინიდან და განრიდებულია მიმდინარე პროცესებს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვნისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება. სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს აღნიშნული ვითარება და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.
სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ ფაქტს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში.