არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა
2020 წლის 9 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა“ - გამოქვეყნდა. პროექტი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ა(ა)იპ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის მიზანი იყო სასამართლო სხდომებზე დაკვირვების გზით, შეფასებულიყო სასამართლო განხილვის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ და მოწმე/დაზარალებულ ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხი. სასამართლო განხილვების მონიტორინგი, 2019 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩატარდა სამ დიდ ქალაქში, კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში.
კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები. დადებით კონტექსტში უნდა შეფასდეს ის, რომ როგორც წესი, ყველა მონაწილე სუბიექტი არასრულწლოვან ბრალდებულთან, დაზარალებულთან და მოწმესთან შემხებლობაში არის სპეციალიზირებული. მათ აქვთ სპეციფიკური ცოდნა, რაც საჭიროა ბავშვთან კომუნიკაციაში. განსაკუთრებით დადებითად გამოავლინა თავი რამდენიმე მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმა, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ესაუბრათ ბავშვთან მისთვის გასაგები ფორმით და ენით, პროცესის მთავარ სუბიექტად წარმოეჩინათ არასრულწლოვანი და ყოფილიყვნენ მისი საუკეთესო ინტერესის დაცვაზე ორიენტირებულნი.
თუმცა, სამწუხაროდ, კვლევამ აჩვენა, რომ მუხედავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მიდგომებისა, პრაქტიკა მაინც არაერთი ხარვეზით ვითარდება, რაც დაუყოვნებლივ აღმოფხვრასა და გამოსწორებას საჭიროებს.
როგორც წესი, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო განხილვის ეტაპზე ნომინალურია, ფსიქოლოგების ჩართულობის მაჩვენებელი/სიხშირე კი ძალიან დაბალი. არ არსებობს უწყებაც, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფსიქოლოგებისა და საპროცესო წარმომადგენლების (როგორც წესი, სოციალური მუშაკების) გადამზადებაზე (სპეციალიზაციაში). ხშირი იყო სასამართლო სხდომების გადადებისა თუ დაგვიანების ფაქტები. რიგ შემთხვევებში, გამოვლინდა პროცესის მონაწილე სუბიექტების კვალიფიკაციისა თუ სათანადო უნარ-ჩვევების ნაკლებობის მაგალითები. ასევე, პროცესის მონაწილე პირების მხრიდან არ არის დამაკმაყოფილებელი საერთაშორისო პრინციპების ცოდნისა თუ გამოყენების, ასევე სათანადოდ დასაბუთების ხარისხი.
სასამართლო მონიტორინგის ერთ-ერთი საგანი იყო ინფრასტრუქტურა. გამოვლინდა, რომ სასამართლო შენობებში არ იყო ყოველთვის დაცული ბავშვის პერსონალური ინფორმაცია/კონფიდენციალერობის პრინციპი. პირობები და გარემო არ არის ყოველთვის ბავშვზე მორგებული და იგი, როგორც წესი, დამთრგუნველია.[1] სამწუხაროდ, სასამართლოს ინფრასტრუქტურა შშმ ბავშვებისთვის არ არის ადაპტირებული და ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობაშეფარდებული არასრულწლოვნები არ თავსდებიან სტანდარტების დაცვით მოწყობილ ოთახებში.
გარდა ამ პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობისა, კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის/საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მისამართით, რათა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ნამდვილად უზრუნველყოფდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას და პასუხობდეს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის. შესაბამისად, ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემების აღმოფხვრისა და ადვოკატირების მიზნით, აპარატი მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“.
[1] რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ მიმართულებით არის გაცილებით პოზიტიური ვითარება და ამაზეც ხაზგასმაა ანგარიშში.