სიახლეები

ტრენინგი შშმ პირთა ორგანიზაციებისთვის

2019 წლის 16-18 ივლისს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის თემაზე, რომელსაც ბრიტანელი ექსპერტი ჯონ უადამი უძღვებოდა.

ტრენინგი სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გახსნა და მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის - გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შესახებ. მოხსენების ფარგლებში, ეკატერინე სხილაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონვენციის მონიტორინგის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ტრენინგს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და თემაზე მომუშავე ორგანიზაციების 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეები გაეცნენ კონვენციის მონიტორინგის არსებულ მექანიზმებს, მეთოდოლოგიას, სახელმძღვანელო პრინციპებს, გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტთან თანამშრომლობის ფორმატებს, ალტერნატიული ანგარიშის მომზადების მეთოდებსა და სხვა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დისკუსიის რეჟიმში ასევე განიხილეს შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)