სიახლეები

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე

ყოველი წლის 15 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე უსინათლო და მცირემხედველ პირთა დამოკიდებული ცხოვრებიდან დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადასვლისა და მათი საზოგადოებაში სრულყოფილი ჩართულობის აღიარების სიმბოლური გამოხატულებაა. თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღის მიზანი უსინათლობის შესახებ ცნობიერების გაზრდაა, იმ წვლილის აღნიშვნაა, რომელიც მათ საზოგადოების განვითარებაში შეაქვთ.

მიუხედავად თეთრი ხელჯოხის როგორც სიმბოლური ისე პრაქტიკული დანიშნულებისა, უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კვლავ არ არის უზრუნველყოფილი ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული თეთრი ხელჯოხი. ასევე არ არის მისაწვდომი თეთრი ხელჯოხის გამოყენების, სივრცეში ორიენტაციისა და მობილობის, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობის, ბრაილის შრიფტის და სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლა. უსინათლო პირებისთვის ცენტრალურ დონეზე კვლავ მიუწვდომელია კვალიფიციური ასისტენტის მომსახურება, რაც მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

კვლავ პრობლემად რჩება უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა და ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომა, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ქვეყანაში ახალი კორონა ვირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, როდესაც უსინათლო პირებს ფაქტიურად აღარ ქონდათ დამოუკიდებლად უსაფრთხოდ გადაადგილებისა და რიგ შემთხვევებში საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. განსაკურებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მარტოხელა უსინათლო პირები, რომლებიც უსაფრთხოდ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების შეუძლებლობის რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.

ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების მისაწვდომობასა და ხარისხთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემასთან ერთად, ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართული უსინათლო პირებისთვის პრობლემურია არსებული სასწავლო პლატფორმის (Microsoft teams) დამოუკიდებლად გამოყენება, რამაც პრობლემები შექმნა როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს უსინათლო პირთა საარჩევნო უფლების რეალიზებაზე და მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - მიიღოს ყველა საჭირო ზომა უსინათლო პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის. მათ შორის, უზრუნველყოს მათთვის ხმის მიცემა შესაბამისი ჩარჩოს გამოყენებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)