სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა

2022 წლის 16 სექტემბერს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს 31-ე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნინო ვალიკოვმა დეპარტამენტის მანდატის შესაბამისად ბოლო თვეებში გაწეული საქმიანობა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილა. ასევე, ისაუბრა ცნობიერების ამაღლებისა და მონიტორინგის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა და საბჭოს მოწვეულმა წევრებმა განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, შშმ პირებისთვის სანოტარო მომსახურების მიღების პროცესში არსებული ხარვეზები, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების შესახებ შშმ პირთა (განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა) ინფორმირებულობის ნაკლებობა. სხდომაზე ამ პრობლემების მოგვარების გზებსა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე იმსჯელეს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)