სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომისა და დასაქმების უფლება

2022 წელს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოში მცხოვრები სამუშაო ასაკის შშმ პირების მიერ შრომისა და დასაქმების უფლების დაცვის მდგომარეობა შეისწავლა. ანგარიში, რომელშიც ჩატარებული კვლევაა შეფასებული, მიმოიხილავს შრომისა და დასაქმების სფეროს მარეგულირებელ საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ ჩარჩოს, ქვეყანაში არსებულ შშმ პირთა დასაქმების პროგრამებსა და სხვა სახელმწიფო ინიციატივებს; ასევე შეისწავლის თავად შშმ პირთა გამოცდილებას დასაქმების თვალსაზრისით.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2017 წელს ჩატარებული მონიტორინიგის შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კუთხით მდგომარეობა ფაქტობრივად არ გაუმჯობესებულა და 5 წლის წინანდელ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების დიდი ნაწილი კვლავ შეუსრულებელია. ის ნაბიჯები, რაც დღემდე ტარდება დასაქმების კუთხით სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან, არ არის საკმარისი. მეტიც, ისინი არასისტემური და დროებითია.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების არაეფექტურობას ადასტურებს პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა დაბალი მაჩვენებელიც. კერძოდ, წლების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2017 წელს დასაქმდა - 103 შშმ პირი, 2018 - 99, 2019 - 98, 2020 - 37 , 2021 - 115 შშმ პირი. ნათელია, რომ ეს მაჩვენებელი, გარდა იმისა, რომ უკიდურესად დაბალია და ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ 452 ადამიანი დასაქმდა, არც დინამიკაში იზრდება, რაც სახელმწიფოს მიერ ეფექტური ზომების მიღების საჭიროებაზე მიუთითებს.

კვლევამ გამოავლინა, რომ შშმ პირთა შრომასა და დასაქმებასთან დაკავშირებული შიდა ნორმატიული აქტები და ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები ეფუძნება კონვენციის მიერ უარყოფილ სამედიცინო მოდელს, რომელიც ხელს უწყობს შშმ პირთა მიმართ სტერეოტიპების გამყარებას. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დასაქმების მეინსტრიმული პროგრამები არ ითვალისწინებენ შშმ პირთა საჭიროებებს და არც ინტერესდებიან არიან თუ არა შშმ პირები ჩართულები აღნიშნულ პროგრამებში.

კვლევის მონაცემები ადასტურებს, რომ შშმ პირების დასაქმებისთვის საჭიროა როგორც თავად შშმ პირების მუდმივი პროფესიული გადამზადება, აგრეთვე დამსაქმებლების ინფორმირება შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების და გონივრული მისადაგების პრინციპების შესახებ. გარდა ამისა, დისკრიმინაციის შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა მექანიზმების შემუშავება, მათ შორის, კანონმდებლობის გამართვა, იმპლემენტაციის მექანიზმების ამუშავება და პროცესში შრომის ინსპექციისა და პროფესიული კავშირების ჩართვა. ასევე, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მუდმივი მონიტორინგი.

ანგარიში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით მომზადდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)