სიახლეები

შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან

2017 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ნინო ვალიკოვი, ნათია ბერაძე და ლიკა ბაციკაძე შეხვდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებს, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული თერაპიული ცენტრის „ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ“ თანამშრომლებს.

შეხვედრა დაიგეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფარგლებში და მის მიზანს წარმოადგენდა ამ პირთა უფლებების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის ზრდა.

აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე, სოციალური მოდელის დანერგვის, ჯანსაღი დამოკიდებულების დამკვიდრებისა და საზოგადოებაში ამ პირთა სრული ინკლუზიის აუცილებლობაზე, ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ამოქმედების მნიშვნელობაზე და ბიუჯეტირების პროცესში მათი ჩართულობის თავისებურებებზე. ამასთან, ყურადღება გამახვილდა მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფასთან და პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

განხილულ თემებზე გამართულ დისკუსიაში შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)