სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. 2012 წელს ეს დღე განათლების უფლებას, 2013 წელს შრომის უფლებას, ხოლო წელს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების საჭიროებებს, უფლებებსა და მათზე წვდომას ეძღვნება.

სამწუხაროდ, დაუნის სინდრომის მიმართ საქართველოში დღემდე არსებული ძლიერი სტიგმა, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე და დაუნის სინდრომთან დაკავშრებული სამედიცინო პროტოკოლებისა და სახელმძღვანელო პრინციპების არარსებობა ხშირად განაპირობებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების არასათანადო სამედიცინო მეთვალყურეობას, მაღალია მათი მიტოვების რისკიც. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ირღვევა მათი განათლებისა და დასაქმების უფლებებიც.

არსებული კანონმდებლობით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ენიჭებათ არსებული თანმხლები დაავადების მიხედვით სასკოლო ასაკიდან, შესაბამისად ისინი ვერ სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი სოციალური ბენეფიტებით.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გააცნობიეროს არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობა, რომელიც იწვევს თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების იზოლაციას. წელს მსოფლიო საზოგადოებამ ამ მიმართულებით ბრძოლის იარაღად „უთვალავი წინდის“ აქცია აირჩია, რომლის მიზანიც სწორედ საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, რომ „ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა“ არ არის დაავადება, არ არის გადამდები და არ შეიძლება ამ სიტყვის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება. „მზის შვილები“ ხომ ჩვენი მეგობრები არიან და „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუწოდებს სახელმწიფოს განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს დაბადებისთანავე მიენიჭოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებმა მიაღწიონ თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვას, რათა შესძლონ საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)