სახალხო დამცველი ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგს განახორციელებს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში, 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო საქართველოში ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმის მიმდინარეობის შესწავლა.
კვლევის მიზანია შეაფასოს საქართველოში არსებული ქმედუნარიანობის ინსტიტუტის შესაბამისობა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით დადგენილ სტანდარტთან.
ზემოაღნიშნული კონვენციის მე-12 მუხლი, რომელიც სამართალსუბიექტობას შეეხება, სრულიად ახალ პერსპექტივას ხსნის სამართლებრივი ქმედუნარიანობის რეგულირების თვალსაზრისით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 8 ოქტომბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოში მაშინ მოქმედი ქმედუუნარობის ინსტიტუტი. 2015 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციას ემსახურებოდა. საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2015 წლის 1 აპრილიდან შევიდა.
ქმედუნარიანობის ინსტიტუტის კვლევის ფარგლებში შეფასდება როგორც მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, ისე მისი დანერგვის პროცესი. ნორმატიულ აქტებთან ერთად, კვლევა შეისწავლის საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ექსპერტიზის ბიუროს მიერ პირის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით გაცემულ დასკვნებს და მათ შესაბამისობას, როგორც კანონმდებლობასთან, ისე კონვენციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
კვლევა ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მას სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფის წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე ჩაატარებს.