სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1992 წელს დაწესდა.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ყურადღების მიქცევა მათ საჭიროებებზე, მათი ღირსების დაცვა და მხარდაჭერა, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ პირთა სრული ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში.

მსოფლიო მასშტაბით 3 დეკემბრის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ყოველწლიურად გარკვეულ თემას ეძღვნება. მიმდინარე წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღების შემდგომ პერიოდში აღინიშნება, რომლის ერთ-ერთი მოწოდებაა „არავინ დავტოვოთ უკან“.

3 დეკემბრის დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური მდივნის მისალმებაში ნათქვამია, რომ მდგრადი, ინკლუზიური და სოციალური ბარიერებისგან თავისუფალი მსოფლიოს მშენებლობა მოითხოვს ყველა ადამიანის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფართო მონაწილეობას.

საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ამ პირთა სრული ჩართულობა, ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შეუერთდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, სახელმწიფოსთვის კვლავ გამოწვევაა მთელი რიგი საკითხები. მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის (CRPD) იმპლემენტაციის პროცესის დაჩქარება, სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობა, საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება, საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა, სამთავრობო სამოქმედო გეგმებით დადგენილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების, დასაქმების, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა და სხვა. მეტად მნიშვნელოვანია გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის საკითხი, რომელიც სახალხო დამცველის არაერთგზის რეკომენდაციის მიუხედავად კვლავ არ არის რატიფიცირებული.

სახალხო დამცველმა, როგორც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულმა ორგანომ, შექმნა მექანიზმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან ერთად მოიცავს საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფს. მექანიზმის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე შეირჩა კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფი.

საქართველოს სახალხო დამცველი უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს ქვეყანაში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს აქტიურად წარმართოს საქმიანობა დასახელებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვა და მათი სრული მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)